ეკოლოგია დღეს მსოფლიოს წინაშე მდგარ პრობლემათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე, აქტუალური და შემაშფოთებელი საკითხია. ამასთან დაკავშირებით ჩვენს სკოლაში „ეკოლოგიის კვირეული“ მოეწყო, რომელშიც ყველა კლასის მოსწავლე ჩაერთო.
კვირეულის მიზანი იყო ბავშვებისთვის ეკოლოგიის დღევანდელი მდგომარეობის გაცნობა, მოსალოდნელ საშიშროებებზე ცნობადობის გაზრდა და ბუნების დაცვისკენ მოწოდება.
ეკოლოგიის კვირეულში ჩაერთო ჩვენი სკოლის I-X კლასების ყველა მოსწავლე და ამ თემაზე მათთან ერთად იმუშავეს ბუნებისმეტყველების, ხელოვნების, ისტორიის, ინგლისურისა და ინფორმატიკის მასწავლებლებმა. შემაჯამებელი ღონისძიების საპატიო სტუმარი გახლდათ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ქალბატონი ნათია იორდანიშვილი, რომელმაც სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად, კვირეულის მონაწილე მოსწავლეები სიგელებითაც დააჯილდოვა.